თამარის და მისი მეგობრების ბრძოლა უკრაინელებისთვის

ყველაფერი ბარათაშვილისა და რუსთაველის კვეთაზე დაიწყო - ბათუმში, პატარა, საოჯახო ტიპის რესტორან „აჯიკაში“, სადაც დღესაც კიდია ორი დროშა, საქართველოსა და უკრაინის დროშები.

42 წლის თამარ მილორავა რესტორნის ბრენდ შეფია. ოთხი შვილი ჰყავს და წლებია, სარესტორნო საქმიანობითაა დაკავებული. ორი წლის წინ, რუსთავიდან ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად და უკრაინელ პარტნიორთან ერთად ბათუმში პატარა რესტორანი გახსნა.

წლების განმავლობაში, თამარი კონსულტაციას უწევდა უკრაინაში ქართული რესტორნების ქსელს, „პური ჩვენი“. უკრაინაში ჰყავს ბევრი მეგობარი - ქართველიც, უკრაინელიც.

თამარი ამბობს, რომ 24/7-ზე სამსახურშია, ამას მოითხოვს მისი საქმე. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მისი საქმის ნაწილი გახდა უკრაინაც.

როგორ გაუქმდა მოგზაურობა იტალიაში

2022 წლის 23 თებერვლის საღამო იყო, როცა თამარმა და მისმა უკრაინელმა ბიზნეს-პარტნიორმა, კარინა მანძიმ, გაზაფხულზე, იტალიაში მოგზაურობა დაგეგმეს:

„გვიანობამდე ვისხედით, ვარჩევდით ბილეთებს, პირველი აპრილი შევარჩიეთ გამგზავრების თარიღად და ბილეთების ყიდვა მეორე დღისთვის გადავწყვიტეთ“, - იხსენებს თამარი.

მეორე დღეს, კარინა დილაადრიან მივიდა რესტორანში:

„გაფითრებული შემოვიდა. უკრაინაში ომი დაიწყო, სახეწაშლილმა მითხრა. თავიდან მეგონა ხუმრობდა. ვუთხარი, შენ თუ იტალიაში წასვლა არ გინდა, რამე სხვა მიზეზი მოიფიქრე-მეთქი. სოციალურ ქსელში რომ შევედი და იქაურობა ომის ამბებით გადაჭრელებული დამხვდა, უკრაინაში, მეგობრებთან დავიწყე რეკვა“...

24 თებერვლის საღამოს, თამარმა და კარინამ რესტორნის ფეისბუკ-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ უკრაინელებისთვის დახმარების შეგროვებას იწყებდნენ. პირველ ეტაპზე, მედიკამენტების შეგროვებას:

„რესტორანი ორ დღეში გადაიქცა წამლების მიმღებ პუნქტად. გარდა ბათუმელებისა, გამოგვეხმაურა ბათუმში მცხოვრები ბევრი უკრაინელი. ყველას სურდა თავისი წვლილი შეეტანა ამ საქმეში. მალევე მივხვდით, რომ ჩვენი პატარა რესტორნის ფართი ამდენ ტვირთს ვერ დაიტევდა და მეგობრებმა გამოგვიყვეს დამატებითი ფართი“.

მედიკამენტებს მოჰყვა პროდუქტი, პირველადი მოხმარების ნივთები და შეგროვდა რამდენიმე ათეული ტონა ტვირთი, რომელიც უკრაინის საელჩოს ხელშეწყობით დანიშნულების ადგილას გაიგზავნა:

„ტვირთი ჩადიოდა უკრაინაში და შემდეგ უკვე სანდო ნაცნობების დახმარებით, ნაწილდებოდა დანიშნულებისამებრ. ნაწილი მიდიოდა მებრძოლებთან, ნაწილი მშვიდობიან მოსახლეობაში რიგდებოდა. ჩვენ არასდროს გაგვიგზავნია ტვირთი ჰაერზე, ჩვენ ზუსტად ვიცოდით, სად, რა და როგორ მიდიოდა“.

როცა ბათუმში უკრაინიდან დევნილი პირველი ოჯახები გამოჩნდნენ

დევნილების პირველი ტალღა ბათუმში აპრილში გამოჩნდა. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც სასწაულით გადაურჩნენ სიკვდილს მიწასთან გასწორებულ მარიუპოლსა და ბუჩაში და ახლა თავშესაფარს საქართველოში, ამ შემთხვევაში კი ბათუმში ეძებდნენ.

როგორც თამარი ყვება, დევნილების უდიდესი ნაწილი ერთი პატარა ჩანთის ამარად იყო ჩამოსული საქართველოში. თამარისა და მისი მეგობრების დღის წესრიგიც შეიცვალა. ახლა, გარდა ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინაში გაგზავნისა, მათ დევნილების დაბინავებასა და დასაქმებაშიც უნდა მიეღოთ მონაწილეობა. 

საქართველოში უკრაინის საელჩომ, საკუთარ გვერდზე თამუნასა და კარინას საკონტაქტო ნომრები გამოაქვეყნა, რომ ბათუმში ჩასულ დევნილებს დახმარებისთვის სწორედ მათთვის მიემართათ:

„ადგილობრივებმა ძალიან იყოჩაღეს. დევნილების ნაწილს ბათუმელებმა საკუთარი ბინები დაუთმეს. რეკავდნენ და პირდაპირ გეუბნებოდნენ, მე შემიძლია ორი თვით დავუთმო ოთახი სამ ადამიანს და ა.შ. ჩვენი ტელეფონები არ ჩერდებოდა. გვიკავშირდებოდნენ როგორც თავად დევნილები, ისე ადგილობრივები, რომლებსაც მათი დახმარება სურდათ.

ათეულობით დევნილს შორის, რომლებსაც ბათუმელები ეხმარებოდნენ, თამარს განსაკუთრებით რამდენიმე ამბავი, უფრო ზუსტად კი კადრი და მომენტი ახსოვს. მათ შორის იყო მარიუპოლიდან დევნილი გოგო, ორი თვის ჩვილთან ერთად, რომელიც თამართან, ბავშვის საკვების სათხოვნელად მივიდა:

„რამდენიმე შეკვრა საკვები მქონდა, რომელიც სწორედ ამ ასაკის ბავშვისთვის იყო განკუთვნილი. მივეცი და ასევე გავუწოდე კიდევ ერთი ყუთი, ცოტა უფრო მოზრდილი ბავშვისთვის, ვუთხარი, ესეც გამოგადგება ორ თვეში-მეთქი და არაფრით არ გამომართვა. ვერ წავიღებ, იქნებ ისეთი ვინმე მოვიდეს, ვისაც ახლა, ამ წამს სჭირდება ბავშვისთვის ეს საკვებიო“.

ამბობს, რომ არასდროს დაავიწყდება ხანშიშესული ქალი, რომელიც ბათუმში უკრაინიდან დასასვენებლად ჩავიდა, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა:

„მოდიოდა ყოველ დღე, ტიროდა და ითხოვდა, იქნებ როგორმე უკრაინაში დაბრუნებაში დავხმარებოდით. ყოველ დღე ვუხსნიდი, რომ საშიში იყო იქ დაბრუნება, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდა. ორი თვის განმავლობაში იარა ასე. მესამე თვეს, მოახერხა და დაბრუნდა. დღესაც იქ არის, აღარსად წასულა. ხშირად ვკითხულობ მას, რადგან ჩემთვის ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შეუპოვრობით და სამშობლოსადმი სიყვარულით“.

რამდენიმე თვის განმავლობაში, ბათუმის არაერთი რესტორანი, მათ შორის, „აჯიკაც“, დევნილებს ყოველდღიურად უფასო საკვებით უმასპინძლდებოდა:

„გადანაწილებული გვყავდა დევნილები. მაგალითად, ჩვენთან, სამი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად 30 ადამიანი მოდიოდა. პარალელურად, მათი ნაწილისთვის სამსახურებსაც ვეძებდით, რადგან ძალიან წუხდნენ, არ უნდოდათ და ვერ ეგუებოდნენ სხვის ხარჯზე ცხოვრებას“.

ასე დაიწყო მზარეულად მუშაობა „აჯიკაში“ ხარკოვიდან დევნილმა ეკატერინამ. ხარკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტის ლექტორმა მალე ისწავლა სალაპარაკო ქართულიც და გარდა მზარეულობისა, სხვა საქმესაც მოჰკიდა ხელი, რათა თავად მოეხერხებინა საკუთარი შვილების შენახვა. ეკატერინას ქმარი ომში იბრძვის:

„მის უმცროს შვილს მიხეილი ჰქვია და ჩვენ მიშიკოს ვეძახით, ქართულ ბაღში დადის და უკვე გამართული ქართულით ლაპარაკობს. უფროს ბიჭს, ვლადის, ლადო შევარქვით. ეკატერინას კი ეკა. დღეს ეკა თავისი შემოსავლით ცხოვრობს. ალაგებს სახლებს, ასევე ამზადებს საჭმელს შეკვეთით. მართავს ფონდს, რომელიც აქ მცხოვრებ უკრაინელებს ეხმარება“.

ორი დროშა ორი ქუჩის კვეთაზე

უკრაინაში ომის დაწყებიდან წელიწადნახევარი გავიდა. ბათუმში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, უკრაინიდან ჩამოსული ახალი დევნილების ნაკადები შეწყდა. 

თუმცა, ბათუმში დღემდე ცხოვრობენ დევნილები, რომლებსაც ამ ეტაპზე, არც სხვაგან წასასვლელი აქვთ და რომლებიც დღესაც საჭიროებენ ბათუმელების გვერდში დგომას.

სწორედ ამიტომ, მათთვის ახლაც ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე, სადაც ბავშვები სწავლობენ ხატვას, ძერწვას. ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ასე საჭიროა ომს და სიკვდილს გამოქცეული ადამიანებისთვის. ბათუმში მუშაობს კიდევ ერთი ცენტრი, სადაც უკრაინელები ქართულ ენას სწავლობენ. ამავე ცენტრში უკრაინულ ენას სწავლობენ ის უკრაინელებიც, რომლებიც ომამდე მხოლოდ რუსულად ლაპარაკობდნენ.

მიუხედავად სირთულეებისა, თამარ მილორავასა და მისი მეგობრების ორგანიზებით გასული წლის 24 აგვისტოს, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

კიდევ ერთი საქმე, რომელზეც თამარ მილორავა განსაკუთრებული ენთუზიაზმით ლაპარაკობს, ეს არის საქველმოქმედო აუქციონი, რომელიც მეგობრების დახმარებით, ომის ერთი წლის თავზე ჩატარდა:

„ლოტები გადმოგვცეს ახლობლებმა, მეგობრებმა. სოლიდური თანხა შევაგროვეთ და შემდეგ გავყავით სამ ნაწილად  - ქართველი მებრძოლებისთვის, უკრაინელი მებრძოლებისთვის და ბელორუსებისთვის“.

თამარმა კარგად იცის, რატომ აკეთებს იმ საქმეს, რაც მისგან ძალიან ბევრ ფიზიკურ და ემოციურ რესურსს მოითხოვს. თამარს, რომელსაც ჰყავს ოთხი შვილი, კარგად აქვს გააზრებული, როგორი საქართველო სურს შვილებისთვის:

„რუსეთს ჩვენთვის სიკვდილის, ნგრევისა და დამონების გარდა, არაფერი კარგი არ გაუკეთებია. ეს მონსტრი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოინგრეს. ამას დამოუკიდებლად ვერ ვიზამთ. დიახ, მე ჩემს მეგობრებს იმიტომაც ვეხმარები, რომ სწორედ მათ გამარჯვებაზე გადის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და სიძლიერე“...

და ამატებს - „ჩვენთან, რუსთაველის და ბარათაშვილის კვეთაზე, ისევ ფრიალებს ორი დროშა და ასე იფრიალებს, გამარჯვებამდე“...

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)