ინტერვიუს დასაგეგმად რომ დავურეკე და ასაკი ვკითხე, რატომღაც გამიკვირდა. პასუხი გავამეორებინე - რამდენის? 16-ის მითხარით, ხომ? ისევ დამეთანხმა და კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, ისიც მოაყოლა, 180-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობო.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ არ ველოდი, რომ ჩემი რესპონდენტი 16 წლის იქნებოდა. იმიტომ კი არა, რომ 16 წლის მოზარდებს ზრდასრულ ადამიანებზე ნაკლებად შეუძლიათ გვერდში დგომა ან ჯერ კიდევ არ აქვთ უნარები, ზრდასრულებზე უკეთ აკეთონ საქმე, არა, უბრალოდ, არ ველოდი, რადგან საბა კუპატაძე ისეთ საქმეს აკეთებს, რატომღაც გადავწყიტე, რომ გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო. ანუ, მარტივად რომ ვთქვა, მცდარი სტერეოტიპების მსხვერპლი აღმოვჩნდი.
ჰო, საბა კუპატაძე, 180-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, 16 წლის ბიჭი, ქართული ენის მასწავლებელია. უკვე ნახევარი წელია ქართულ ენას ასწავლის საქართველოში ჩამოსულ უკრაინელ დევნილებს.
რატომ გადაწყვიტა საბამ მასწავლებლობა
ყველაფერი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ანუ, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომი გაჩაღების შემდეგ. კიევის ოლქში, საბას უახლოესი მეგობარი, კატია, ოჯახთან ერთად ბომბსაფარში იმალებოდა.
კატია, რომელიც საბამ ინტერნეტით გაიცნო, ონლაინ სივრცის მიღმა არასდროს უნახავს, თუმცა ამბობს, რომ სამი წელია, მასზე ახლო მეგობარი არ ჰყავს:
„ზუსტი დრო და რიცხვიც კი მახსოვს, როდის გავიცანი, 2021 წლის 5 იანვარი, საღამოს 11 საათი. ერთმანეთს ტიკ ტოკში გამოვეხმაურეთ. მას მერე ერთი დღეც არ გასულა, რომ ერთმანეთი არ მოგვეკითხოს, დიდხანს არ გველაპარაკოს. წარმოიდგინეთ, იღვიძებ დილით და აღმოაჩენ, რომ ქვეყანა, სადაც შენი საყვარელი მეგობარი ცხოვრობს, იბომბება“.
ის დღე, 24 თებერვალი, კატიამ და საბამ ტელეფონზე ლაპარაკში გაატარეს:
„ძალიან შეშინებული იყო, არ იცოდა რა იქნებოდა. მაშინ ვიგრძენი, რომ ასე შორიდან დიდად ვერ დავეხმარებოდი, ვერც მასთან ჩავიდოდი, მაგრამ აქედან შემეძლო მეჩვენებინა, რომ მის გვერდით ვიყავი“.
ასე გაწევრიანდა ჯერ კიდევ 15 წლის საბა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ჰელფინგ ჰენდ“ (helping hand). ორგანიზაცია წლებია ახალგაზრდებთან მოხალისეობრივი კულტურის განვითარებაზე მუშაობს, არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებაშია ჩართული.
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან კი მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ უკრაინელი ხალხის დახმარება და სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებისა თუ პროექტის დაგეგმვა და განხორციელება გახდა.
სწორედ „ჰელფინგ ჰენდის“ პროექტში, „მოხალისე მასწავლებლები უკრაინელებისათვის“, ჩაერთო საბაც და 2023 წლის აგვისტოს ბოლოს ქართული ენის პირველი გაკვეთილიც ჩაატარა.
საბას ქართული ენის მასწავლებლობის უპირატესობა კი ისაა, რომ მან უკრაინული ენა იცის და უკრაინიდან ჩამოსულ დევნილებს მათი მშობლიური ენის დახმარებით ასწავლის ქართულს.
უკრაინული ენა საბამ თავდაპირველად მეგობრის, კატიას დახმარებით ისწავლა. ცოდნა youtub-გაკვეთილებით, შვიდ თვეში განიმტკიცა:
„უკრაინაში ომის დაწყებამდე, მე და კატია რუსულად ვლაპარაკობდით, რადგან კატიამ ინგლისური კარგად არ იცოდა. თუმცა, როგორც კი ომი დაიწყო, რუსულ ენაზე კომუნიკაცია შევწყვიტეთ და გადავწყვიტე, რომ უკრაინული მესწავლა და ასე მაინც მეგრძნობინებინა მეგობრისთვის, რომ მის გვერდით ვარ. კატიამაც დაიწყო ქართული ენის სწავლა და ასე ვეხმარებოდით ერთმანეთს ენის გატეხვაში. საბოლოოდ, უკრაინული ენა მასწავლებლის გარეშე, დამოუკიდებლად ვისწავლე, ენის მატარებლის დონეზე. ენების დამოუკიდებლად სწავლის გამოცდილება მანამდეც მქონდა. ასე ვისწავლე რუსულიც. ახლა იტალიურს და ესპანურს ვსწავლობ“.
ქართულ ენას საბასთან 18 წელს ზემოთ უკრაინელები სწავლობენ. გაკვეთილები კვირში ერთხელ, 2-3 საათის განმავლობაში, ძირითადად ონლაინ ტარდება:
„პირველ რიგში, ძალიან უხარიათ, მათ ენაზე რომ ველაპარაკები და ვუხსნი გაკვეთილებს. დაახლოებით 70-მდე მოხალისე მასწავლებელი, 200-ზე მეტ უკრაინელს ასწავლის ქართულ ენას. ეს ადამიანები თავიდან ცდილილობენ ფეხზე დადგომას. მეც ვცდილობ, დავეხმარო, ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრირებაში. ყველას სხვადასხვა მიზანი აქვს ქართული ენის სწავლის, მაგრამ ჩემი მოსწავლეების უმრავლესობა, ქართულ ენას ჩვენდამი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად სწავლობს, რომ მივიღეთ, ვეხმარებით. ძალიან ბევრს მეცადინეობენ, მოწადინებულები არიან“.
საბას მიზანი
საბას დატვირთული დღის გრაფიკი აქვს. სკოლის პარალელურად, ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში აკადემიურ ვოკალს ეუფლება. გარდა საკუთარი გაკვეთილების მომზადებისა, საგაკვეთილო კურსის მომზადება უწევს უკრაინელი მოსწავლეებისთისაც.
დატვირთულ რეჟიმთან გამკლავებაში, დროის სწორად გადანაწილების სწავლასთან ერთად, მეგობრები, პედაგოგები და მშობლები ეხმარებიან:
„ხანდახან მართლა ვიღლები ხოლმე, მაგრამ ასეთ დროს ბევრი ადამიანის მხარდაჭერას ვგრძნობ. მასწავლებლები სკოლაშიც და მუსიკალურ სასწავლებელშიც, ყველანი ხელს მიწყობენ, რომ მოხალისეობრივი საქმიანობა გავაგრძელო. კლასის დამრიგებელი და სკოლის დირექტორი მამხნევებენ ხოლმე. ყველას უხარია, რომ უკრაინელებს ვეხმარები“.
განსაკუთრებით ამაყობენ საბას გადაწყვეტილებით მისი მშობლები:
„მოხალისეობის დაწყებამდე ძალიან ინერტული ადამიანი ვიყავი. არასდროს არცერთ პროექტში არ ვყოფილვარ ჩართული. ჩემი დღეები რუტინულად მიდიოდა და ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, სკოლა, სახლი, მეორე დღეს ისევ იგივე.
გარდა ამისა, მქონდა რთული პერიოდიც, როდესაც თანატოლებთან ურთიერთობისას პრობლემებს წავაწყდი. თუმცა, ამას არსად ვამხელდი. ვთვლიდი, რომ ეს პრობლემა თავად უნდა მომეგვარებინა და ამაში მშობლები არ უნდა ჩამერია, მაგრამ მაინც გამჟღავნდა და მშობლები ძალიან დამეხმარნენ, ვიარე ფსიქოლოგთან, გვერდში დამიდგნენ მეგობრებიც. ასე დავიწყე ნელ-ნელა აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნება და ამ ჩემი უცნაური მდგომარეობიდან გამოსვლა. გავუშვი ყველა წყენა და ცხოვრება ახლიდან დავიწყე, ვთვლი რომ ყველა დაბრკოლება, რაც კი ცხოვრებაში გვხვდება გვეხმარება ჩვენი სიძლიერის განმტკიცებაში. დღეს ჩემი მშობლები ძალიან ბედნიერები არიან და ამაყობენ, რომ ვეხმარები გასაჭირში ჩავარდნილ ჩვენს მეგობარ უკრაინელებს“.
16 წლის საბას ერთი მიზანი აქვს, არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს და არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოს აჩვენოს, როგორ უდგას მისი ქვეყანა მეგობარ ერს გვერდში:
„მე ასე ვთვლი, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ოჯახის წევრები არიან და როცა ოჯახის წევრს უჭირს, ყველანი ხომ ისე ვეხმარებით, ვისაც როგორ შეგვიძლია? ასეა ჩემთვის უკრაინაც. როგორც ჩემს მეგობარს ვეხმარები, ვცდილობ გავამხნევო, გვერდში დავუდგე, იგრძნოს ჩემი მხარდაჭერა, თუნდაც ასე შორიდან, ასე უნდა ვიყოთ ყველანი, ქართველი ხალხი, ასე უნდა დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინელ ხალხს ჩემი ოჯახის ნაწილად ვთვლი, მიყვარს ეს ერი და მინდა, რომ იყვნენ თავისუფლები და ბედნიერები. მჯერა, რომ ასეც იქნება“, - მითხრა საბამ, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს მომავალში - გახდება საოპერო მომღერალი თუ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
მთავარია, დღეს იცის, რა სურს, რატომ და რისთვის.
მომზადებულია Dopomoga Ukraini-ს მიერ
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)