დაბადების და ქორწინების რეგისტრაცია საქართველოში

თუ ბავშვის გაჩენას ან ქორწინების რეგისტრაციას საქართველოში გეგმავთ, ეს გზამკვლევი თქვენთვისაა. 

                                                 როგორ ავიღოთ დაბადების მოწმობა

რომელ ორგანოს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში ბავშვის დაბადების თაობაზე?

როგორც წესი, ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება თავად აწვდის უფლებამოსილ ორგანოს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს,  რომელიც  თავის მხრივ ახდენს დაბადების  ფაქტის რეგისტრაციას. ამიტომ, თუ ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გაჩნდა, თქვენ როგორც მშობელს ინფორმაციის გადაცემაზე ზრუნვა არ მოგიწევთ და ამას თავად კლინიკა გააკეთებს. 

მხოლოდ კლინიკას შეუძლია მოითხოვოს ბავშვის დაბადების ფაქტის რეგისტრაცია?

განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგ, როდესაც ბავშვი სამედიცინო დაწესებულების გარეთ იბადება) სამედიცინო დაწესებულების გარდა, განცხადებას დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს:

ბავშვის ერთ-ერთი მშობელი;

მშობლის  მინდობილი პირი;

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;

გამგეობის/მერიის რწმუნებული თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე.  

რა უნდა ვქნათ თუ ბავშვი სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაიბადა?

თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, ასეთ დროს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე განცხადება უნდა წარადგინოს უფლებამოსილმა პირმა, მაგ. მშობლებმა, მშობლის მინდობილმა პირმა ან სოციალურმა მუშაკმა.  

ასეთ შემთხვევაში, ქორწინებაში მყოფმა მშობლებმა იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში უნდა წარადგინონ:

  • ქორწინების მოწმობა;
  • მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ქორწინებაში არმყოფმა მშობლებმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ ორივე მშობლის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თუ ქორწინების მოწმობა არ გაქვთ, ითვლება, რომ ქორწინებაში არმყოფი წყვილი ხართ და ამ შემთხვევაში მხოლოდ ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ. 

ქორწინებაში  არმყოფმა  დედამ ბავშვის  დაბადების  რეგისტრაციისათვის უნდა  წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სად უნდა ავიღოთ საქართველოში დაბადებული ბავშვის დაბადების მოწმობა?

მშობელი დაბადების მოწმობის მისაღებად უნდა გამოცხადდეს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.

საქართველოს დიდ ქალაქებში იუსტიციის სახლების ფილიალების მისამართების სანახავად ეწვიეთ ბმულს https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/628 

ვებ-გვერდი: www.psh.gov.ge    

ცხელი ხაზი: 032 2405405

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მისამართი: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო № 1. (იუსტიციის სახლი)

საკონტაქტო ტელეფონი:  2 40 10 10

სააგენტოს ფილიალების მისამართები იხილეთ ბმულზე https://sda.gov.ge/?page_id=5872  

ისეთ ქალაქებში და რაიონებში, სადაც იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ცალკე ოფისი არ აქვს და იუსტიციის სახლის ნაწილია.

მომსახურების ვადა და საფასური

დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება უფლებამოსილი პირის მომართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. დაბადების რეგისტრაცია უფასოა.

რა ენაზე გაიცემა დაბადების მოწმობა თუ ბავშვის მშობლები არ არიან საქართველოს მოქალაქეები?

საქართველოში დაბადებული ბავშვის დაბადების მოწმობა ნებისმიერ შემთხვევაში ქართულ ენაზე გაიცემა.

                                                         როგორ დავქორწინდეთ

როგორ განმარტავს ქორწინებას საქართველოს კანონმდებლობა?

საქართველოს კანონმდებლობით, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. რეგისტრაციის  შემდგომ მეუღლეებს შორის გარკვეული უფლება-მოვალეობები წარმოიშობა. 

რა აუცილებელია პირობებია საჭიროა ქორწინების რეგისტრაციისთვის?

ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია, რომ დაქორწინების მსურველი პირები:

  • იყვნენ 18 წლის
  • თანხმა იყვნენ ქორწინებაზე.

რა გარემოებებმა შეიძლება შეაფერხოს ქორწინების რეგისტრაცია?

ქორწინების რეგისტრაცია არ დაიშვება:

  • იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე;
  • პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;
  • ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
  • მშვილებელსა და ნაშვილებს შორის.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე?

თუ ქორწინების რეგისტრაცია ხდება საქართველოს მოქალაქესა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის, გარდა ჩამოთვლილი პირობებისა, აუცილებელი პირობაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში კანონიერად იმყოფებოდეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი და უკრაინის მოქალაქეებს უფლება აქვთ, 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში ვიზის გარეშე.

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ ქორწინების რეგისტრაციისთვის?          

  • ქორწინების რეგისტრაციისთვის უნდა წარადგინოთ:
  • დასაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ დასაქორწინებელი პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ უნდა წარადგინონ პასპორტები. თუ პასპორტში სახელი და გვარი მითითებულია ლათინური შრიფტითაც და გარკვევით იკითხება, პასპორტის ასლების ნოტარიული თარგმნა სავალდებულო არ არის
  • ქორწინების მოწმე პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი საბუთი (მანამდე ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში).

სად უნდა წარადგინოთ დოკუმენტები ქორწინების რეგისტრაცისითვის?

დოკუმენტები უნდა წარადგინოთ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში. საქართველოს დიდ ქალაქებში იუსტიციის სახლების ფილიალების მისამართების სანახავად ეწვიეთ ბმულს https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/628 

ვებ-გვერდი: www.psh.gov.ge 

ცხელი ხაზი: 032 2405405    

რა თანხა ჯდება საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია?

ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე - უფასო

ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით - 75 ლარი

ქორწინების რეგისტრაცია ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით (სამუშაო დღეებში) - 135 ლარი 

ქორწინების რეგისტრაცია ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით (შაბათ-კვირას) -  225 ლარი 

შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია - 225 ლარი

სავალდებულოა თუ არა ქორწინების შემდეგ მეუღლის გვარზე გადასვლა?

ქორწინების შემდეგ მეუღლის გვარზე გადასვლა სავალდებულო არ არის. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარი აირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა, აირჩიოს საკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.

 

მასალა მოამზადა Dopomoga Ukraini-ს გუნდმა.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)