საქართველოში ბინადრობის ნებართვა - პროცედურები, ვადები და ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

რისთვის გჭირდებათ ბინადრობის ნებართვა?

უკრაინის მოქალაქეებს უფლება აქვთ, საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ. თუ ქვეყანაში 1 წელზე მეტი ხნით გეგმავთ დარჩენას, მაგალითად, სამუშაოდ ან სასწავლებლად, ამისათვის ბინადრობის ნებართვა დაგჭირდებათ. 
 

როდის უნდა მოითხოვოთ ბინადრობის ნებართვა?

ბინადრობის ნებართვა უნდა მოითხოვოთ საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. 


რა ტიპის ბინადრობის ნებართვები გაიცემა საქართველოში?

არსებობს ორი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა:

  • დროებითი ცხოვრების უფლებით
  • მუდმივი ცხოვრების უფლებით

დროებითი ცხოვრების უფლებას გაძლევთ შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:

შრომითი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად

სასწავლო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლისთვის

ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით - გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე

საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა

მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა - გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში აქვს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;

სპეციალური ბინადრობის ნებართვა - გაიცემა ა) უცხოელზე, რომელიც არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი; ბ) უცხოელზე, რომელზედაც ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი; გ) უცხოელზე როდესაც მისი საქართველოდან გაძევება შეუძლებელია საქართველოს კანომდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელმაც განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე აქვს უძრავი ქონება (გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის  ეკვივალენტს ლარში. 

დროებითი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი;

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე (აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე), რომელსაც საქართველოში აქვს უძრავი ქონება (გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში

საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებას მოიპოვებთ თუ აიღებთ:

მუდმივი ცხოვრების ნებართვას - გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე და საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, ასევე იმ უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში.

უვადო ბინადრობის ნებართვას - გაიცემა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან გარკვეული ოდენობის ფინანსური ბრუნვა. მაგალითად,  პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა და ა.შ.

 

როგორ უნდა მოითხოვოთ ბინადრობის ნებართვა? 

ბინადრობის ნებართვას გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადი შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად შეავსოთ სააგენტოს ვებ-გვერდზე https://sda.gov.ge/?page_id=5355   

გაითვალისწინეთ: ვებ-გვერდზე განაცხადი და თანმხლები ინფორმაციაც ქართულ ენაზეა, ამიტომ, ქართულად მოსაუბრე პირის დახმარება დაგჭირდებათ. ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად ასევე, დაგჭირდებათ ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსების და თანდართული დოკუმენტების რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში, ყველა ეს დოკუმენტი ასევე, უნდა წარადგინოთ მატერიალური ფორმით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში (საკონტაქტო ინფორმაცია, იხ. ქვემოთ).

შენიშვნა: მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვის და უვადო ბინადრობის ნებართვის მიღება ელექტრონულად არ არის შესაძლებელი. კონსულტაციისთვის დაუკავშირდით სააგენტოს ნომერზე 032 2 40 10 10.


როგორ დაუკავშირდეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს?

მისამართი: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო № 1. (იუსტიციის სახლი)

საკონტაქტო ტელეფონი:  032 2 40 10 10

სააგენტოს აქვს ფილიალები საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ფილიალების მისამართები იხილეთ ბმულზე https://sda.gov.ge/?page_id=5872 

გაითვალისწინეთ: ისეთ ქალაქებში და რაიონებში, სადაც იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ცალკე ოფისი არ აქვს და იუსტიციის სახლის ნაწილია. საქართველოს დიდ ქალაქებში იუსტიციის სახლების ფილიალების მისამართების უკრაინულ ენაზე სანახავად ეწვიეთ ბმულს https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/628 


რა დოკუმენტებია საჭირო შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად?

  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის (მაგ. პასპორტის) ასლი
  • საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ბეჭედი პასპორტში ან სხვა სამგზავრო დოკუმენტში)
  • მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი)
  • ფოტოსურათი ზომით 3/4.

თავისუფალი პროფესიის ადამიანმა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, სააგენტოში უნდა წარადგინოს:

  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის (მაგ. პასპორტის) ასლი
  • საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ბეჭედი პასპორტში ან სხვა სამგზავრო დოკუმენტში)
  • პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (ცნობა პროფესიული გაერთიანებიდან ან განათლების დამადასტურებელი ცნობა (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა)
  • ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს  პირად ანგარიშზე არსებულ თანხას
  • საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე უცხოელის რეკომენდაცია, პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ უცხოელის მიერ საქართველოში საქმიანობის განხორციელების მიზნით, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე
  • ფოტოსურათი, ზომით 3/4
     

რა დოკუმენტებია სააჭირო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად?

  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის (მაგ. პასპორტის) ასლი.
  • საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ბეჭედი პასპორტში ან სხვა სამგზავრო დოკუმენტში)
  • საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით).
  • უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლისა და აღნიშნულ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. 
  • ფოტოსურათი, ზომით 3/4.

 

რა დოკუმენტებია საჭირო ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად?

  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის (მაგ. პასპორტის) ასლი
  • საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ბეჭედი პასპორტში ან სხვა სამგზავრო დოკუმენტში)
  • ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ, შრომითი ხელშეკრულება, პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა და. ა.შ)
  • ფოტოსურათი, ზომით 3/4

 

რა დოკუმენტებია საჭირო მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად?

საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე ან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გასაცემად:

  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის (მაგ. პასპორტის) ასლი
  • საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ბეჭედი პასპორტში ან სხვა სამგზავრო დოკუმენტში)
  • საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა
  • ფოტოსურათი, ზომით 3/4

 

რა ენაზე უნდა წარადგინოთ დოკუმენტები ბინადრობის ნებართვის მისაღებად?

საზღვარგარეთ გაცემული დოკუმენტები უნდა ათარგმნინოთ ქართულ ენაზე და დაამოწმებინოთ ნოტარიუსს. საზღვარგარეთ გაცემული დოკუმენტები, ასევე, უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული (ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმების მომსახურებას იუსტიციის სახლში მიიღებთ).

მომსახურების ვადა და საფასური?

თუ ყველა დოკუმენტი წესრიგშია, სააგენტო ბინადრობის ნებართვას გასცემს დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუმცა, ნებართვის მოპოვება დაჩქარებულ ვადაშიც შესაძლებელია.

თუ ითხოვთ ბინადრობის ნებართვას, რომელიც გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით:

  • 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 350 ლარი;
  • 20 კალენდარული დღის ვადაში – 500 ლარი.

თუ ითხოვთ ბინადრობის ნებართვას, რომელიც გაიცემა დროებითი ცხოვრების უფლებით:

  • 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 300 ლარი;
  • მე-20 კალენდარულ დღეს - 450 ლარი;
  • 10 კალენდარული დღის ვადაში – 600 ლარი.

 

რა ვადით გაიცემა ბინადრობის ნებართვა?

სასწავლო, შრომითი, ოჯახის გაერთიანების მიზნით, დროებითი და სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით. 

საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვას გასცემენ 6 წლის ვადით, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას 5, ხოლო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვას 1 წლის ვადით. მოქალაქეობის არმქონე პირს ბინადრობის ნებართვა 3 წლით მიენიჭება. 

ვადის გაგრძელება შესაძლებელია.

 

რა უნდა გააკეთოთ ბინადრობის ნებართვის მიღების შემდეგ?

თუ სააგენტომ თქვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბინადრობის ნებართვა მოგცათ, ვალდებული ხართ, 1 თვის ვადაში აიღოთ ბინადრობის მოწმობა. მოწმობის ასაღებად მიმართეთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ფილიალს.

თუ ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში მოწმობას არ აიღებთ, ნებართვა გაუქმდება. 

 

ყურადღება: თუ გაინტერესებთ ინფორმაცია სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვებზე და ამ გზამკვლევში მისი მოძებნა ვერ შეძელით, დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ამ ინფორმაციის მოპოვებაში!

ასევე, ამ და სხვა დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნომერზე: 032 2 40 10 10

 

გზამკვლევი მოამზადა Dopomoga Ukraini-ს გუნდმა.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)