ლანა ღვინჯილია – რა შეიძლება გააკეთო, როცა უკრაინაში ომი მოსაგებია

ლანა ღვინჯილიასთვის უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს არ დაწყებულა. არც მხოლოდ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გადაუწყვეტია, რომ ახლა უკრაინელებს დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ. ლანასა და უკრაინის ურთიერთობა გაცილებით ადრე, 10 წლის წინ, 2013 წლიდან დაიწყო და მას მერე არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დატვირთული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, უკრაინა, უკრაინელებისთვის სხვადასხვა სახის დახმარება და ჰუმანიტარული მიზნით დაგეგმილი კამპანიები, ლანას ცხოვრების ნაწილად იქცა.

ლანა ღვინჯილია საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების დირექტორი და ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” გამგეობის წევრია. თუმცა, ამ ყველაფერს მისთვის არ შეუშლია ხელი, რომ თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უკრაინელების დასახმარებლად არაერთი, უკიდურესად მნიშვნელოვანი კამპანია დაეგეგმა, საქმე ბოლომდე მიეყვანა და რაც მთავარია, ამ პროცესში სხვა უამრავი ადამიანი ჩაერთო.

ჩემოდანზე მიკრული უკრაინის დროშის ფერებში გაფერადებული ფურცელი

ის, რომ რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებდა, ამის მოლოდინი ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომიდან გაჩნდა. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ბევრს საუბრობდნენ ერთმანეთში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც. ყველასთვის ცხადი იყო, რომ თუკი უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, რომელთა უმრავლესობას ან სამხედრო ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, უკრაინაში წავიდოდნენ.

ომი რომ დაიწყო, ლანა სამსახურებრივ საქმეზე, ჟენევაში იმყოფებოდა: 

ჟენევაში 19 თებერვალს ჩავედი. საერთო ჩატში ვმსჯელობდით, დაიწყება ომი, არ დაიწყება. 23 თებერვალს, პენტაგონის ერთსაათიანი ბრიფინგი ბევრის მანიშნებელი იყო. 24-ში დილით ადრე, ექვსის ნახევარზე გამეღვიძა. პირველი რაც გავაკეთე, CNN ჩავრთე – დგას ჟურნალისტი და მის უკან კვამლია მოდის, ისმის განგაშის ხმა.  ჩატში დავუწერე ბიჭებს, გაიღვიძეთ, ომი დაიწყო-მეთქი. საუზმეზე რომ ჩავედი, ჩემ ფრანგ კოლეგას ვუთხარი, უკრაინაში ომიდაიწყო-მეთქი და რაღაცნაირად მშვიდად მიპასუხა, ტელევიზორს არ ვუყურებ და არაფერი ვიციო. მაშინ ამ ომს ევროპაში თითქოს ვერ აღიქვამდნენ სერიოზულად“.

იმ დღეს ლანა თბილისში ბრუნდებოდა. უნდოდა, რომ უკრაინისადმი სოლიდარობა რაიმე, თუნდაც მცირე ფორმით გამოეხატა:

„სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, სასტუმროს თანამშრომელს გამოვართვი ცისფერი და ყვითელი მარკერი, ავიღე თაბახი, გავაფერადე უკრაინის დროშის ფერებში და მივაკარი ჩემოდანს. ასე წამოვედი საქართველოში“.

„გაუზიარე სინათლე“ – ხალხის სახელით გაგზავნილი გენერატორები

„გაუზიარე სინათლე“ – კამპანია ამ გზავნილით, რომელიც უკრაინელებისთვის გენერატორების შესაძენად საჭირო თანხის შეგროვებას გულისხმობდა, სოციალურ ქსელში 2022 წლის 27 ნოემბრიდან დაიწყო. ლანა ღვინჯილია ამ იდეის ერთ-ერთი ავტორი და კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასირებული სარაკეტო დარტყმები სიცივის დადგომასთან ერთად, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო. ენერგოსისტემის მნიშვნელოვნად დაზიანების გამო, უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი დააწესეს, თუმცა, ყოველი შეტევის შემდეგ, მწყობრიდან გამოსული სისტემის სტაბილიზაციამდე გრაფიკის დაცვა შეუძლებელი ხდებოდა და ე.წ. ავარიული გათიშვები იწყებოდა. ნოემბრის ბოლოს უკრაინაში 6 მილიონზე მეტი სახლი იყო დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.

ელექტროენერგიის გარეშე, ყინვაში დარჩენილ უკრაინელებს სინათლე და სითბო სჭირდებოდათ. სწორედ ასე გაჩნდა გენერატორებისთვის საჭირო თანხის შეგროვების იდეა, კამპანია სოციალურ ქსელში დაიგეგმა და დაახლოებით ორ კვირაში, 328 გენერატორის შესაძენი თანხა შეგროვდა:

2008 წელს, ომი რომ დაიყო, მივხვდი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ვინარჩუნებ სიმშვიდეს, მეკარგება ყველანაირი ზედმეტი ემოცია და შემიძლია პროცესის მართვა. უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღესვე, 25 თებერვალს, ცხადი გახდა, რომ უამრავი რამ იქნებოდა საჭირო და გასაკეთებელი, ამიტომ მაშინვე კოორდინაციის საქმეებით დავკავდი, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა საქართველოში უკრაინის საელჩოსთან. 2022 წლის შემოდგომაზე, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა შეტევა დაიწყო უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. დამირეკა მეგობარმა, გიორგი რურუამ, და მითხრა, 29 გენერატორი ვიყიდე, მოდი, კიდევ შევაგროვოთ გენერატორები და უკრაინაში გავგზავნოთო. იმავე დღეს შევიკრიბეთ რამდენიმე ადამიანი, დავწერეთ გეგმა. მაშინვე ვთქვი, რომ საკმაოდ რეალისტური იყო 100 გენერატორისთვის საჭირო თანხის შეგროვება, თუმცა, რეალობა გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა“.

ლანა ამბობს, რომ პატარა ჯგუფის მიერ წამოწყებული კამპანია ხალხისთვის გადამდები გამოდგა:

ეს პროცესი თითქოს ტრენდული გახდა, უფრო გაადვილდა თანხის შეგროვება. ემოციური ბმაც აქვს ჩვენს თაობას გენერტორებთან. ყველას 90-იანი წლები გვაქვს გამოვლილი და ყველას გვახსოვს უშუქობა და გენერატორის ხიბლი. ნახევარ მილიონამდე ლარი შეგროვდა. 328 გენერატორი გავგზავნეთ უკრაინაში და აქედან 45 გენერატორი ნაჩუქარი იყო. უკრაინის საელჩო დაგვეხმარა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში. ასეთი ჩვევა მაქვს, რაღაცას თუ ვიტყვი, ის აუცილებლად უნდა გავაკეთო. დაგვიანება იმის გამო, რომ რაღაც ვერ გავაკეთე, ჩემთვის გამორიცხულია. ვთქვი, რომ გენერატორები საშობაოდ უნდა ჩასულიყო უკრაინაში და ასეც მოხდა. გენერატორები საქართველოდან 12 დეკემბერს გაიგზავნა და უკრაინაში საშობაოდ, 24 დეკემბერს ჩავიდა“.

გენერატორები სხვადასხვა, კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს გადაუნაწილდათ:

რჩევა ვკითხეთ უკრაინაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, სად იყო უმჯობესი გენერატორების გაგზავნა. მათი მეშვეობით შეიქმნა ორი სქემა – ერთი სქემის მიხედვით, გენერატორები დარიგდა კიევის ოლქში, სკოლებსა და ბაღებში და ასევე იქ შექმნილ ე.წ. „მდგრადობის ცენტრებში“, სადაც ელექტროენერგიის უქონლობის დროს, მიდიოდა მოსახლეობა და ტენიდა ტელეფონებს, თბებოდნენ, საჭმელს ამზადებდნენ, იღებდნენ პირველად სამედიცინო დახმარებას. რამდენიმე გენერატორი წავიდა ჰოსპიტალში. ორი გენერატორი სამხედრო ჰოსპიტალში. მეორე სქემის მიხედვით, გენერატორები ჩავიდა ხარკოვის სკოლაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურებში ვინიცის ოლქში, ლოგისტიკურ ცენტრებში“.

სასწრაფო საქართველოსგან – კიდევ ერთი კამპანია უკრაინელებისთვის

გენერატორების იდეისგან განსხვავებით, რომელიც სპონტანურად დაიბადა, უკრაინელებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის შესაძენი თანხის შეგროვება მას მერე დაიწყო, რაც საქართველოში უკრაინის საელჩოსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ე.წ. საველე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების დეფიციტი იყო.

ლანამ საელჩოს თხოვნა იმ გუნდს გაუზიარა, რომელმაც გენერატორების შეგროვების კამპანია დაგეგმა და განახორციელა.

კამპანიის დაგეგმვიდან დაახლოებით ოთხ კვირაში, ორი სასწრაფო სამედიცინო მანქანის შესაძენად საჭირო, 100 ათასამდე ლარის შეგროვება მოხერხდა:

გადავწყვიტეთ, რომ ამ პროექტში ჩაგვერთო ექიმები, ნაცნობ ექიმებს ვთხოვეთ ჩაეწერათ ვიდეოები და ერთ თვეში შეგროვდა ორი მანქანის ფული. ეს სასწრაფო მანქანები გათვლილია საბრძოლო ველზე გასასვლელად, არის მაღალი გამავლობის, რომელიც შიგნით შეიძლება კომფორტული არ იყოს, თუმცა, ყველა აღჭურვილობა, მობილური უნდა იყოს, რადგან თუ მანქანა დაზიანდა, ამ აღჭურვილობის გადატანა შესაძლებელი უნდა იყოს. თანხა 13 მარტს უკვე გადავრიცხეთ საელჩოსთან ერთად. ამ ტიპის მანქანებს ძირითადად პოლონეთში აკეთებენ და როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე შეკვეთილია ორი მანქანა“.

ახალი იდეა – უკრაინული კულტურის პოპულარიზაცია

ომი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის თავზე, თითქოს, ერთი შეხედვით, ემოციები მინელდა, არც ლანა და არც მისი თანამოაზრეები, რომელთათვისაც უკრაინის გამარჯვება, ცივილიზებული სამყაროს და მათ შორის, ცხადია, საქართველოს გამარჯვებაცაა, უკან დახევას, შესვენებას არ აპირებენ.

ომი მოსაგებია“, – მეუბნება ლანა და კიდევ ერთ ახალ იდეაზე მელაპარაკება:

ჩემმა მეგობარმა, ლევან ბუთხუზმა, რომელიც თავად უკრაინის მხარდამჭერ უამრავ ინიციატივაში არის ჩართული, შემომთავაზა დავაფუძნოთ ორგანიზაცია, რომლის დახმარებითაც, საქართველოში უკრაინული კულტურის პოპულარიზაცია დაიწყება. ამაში არ ვგულისხმობთ მხოლოდ იმას, რომ მაგალითად, გავიცნობთ უკრაინელ ხელოვანებს, არტისტებს, მწერლებს, მხატვრებს, არამედ ამ ორგანიზაციის მთავარი მისია იქნება ღირებულებითი და კულტურული ექსპანსია, რომ ათწლეულებით გამჯდარი რუსული კომპონენტი ჩავანაცვლოთ უკრაინული შინაარსით. ვიცით, რომ ეს ძალიან ამბიციური იდეაა, მაგრამ ამავე დროს, გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ იქნება. კულტურული ექსპანსიის პროექტები ბევრ ძლიერ ქვეყანას აქვს, – ამერიკას, პოლონეთს, ჩეხეთს და ა.შ. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, რაკი უკრაინის მთავრობას ახლა ამისთვის არ სცალია, ჩვენ ჩვენი რესურსებით შევეცდებით თანხის მოზიდვას და ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება არა კონკრეტულად ვიღაცის დახმარება, არამედ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება“, – ამბობს ლანა ღვინჯილია.

ყველაფერი მაიდნიდან დაიწყო

უკრაინელების გვერდში დგომა, მათი მოხალისეობრივად დახმარების სურვილი ლანასთვის მხოლოდ ერთ წელს არ ითვლის, ყველაფერი მაიდნით დაიწყო – 2013 წლის 23 ნოემბერს, კიევის ცენტრში უკრაინის ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციით. მაშინ დემონსტრანტები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ მას, დაპირებისამებრ, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე.

2013-2014 წლებში, კიევის ცენტრში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ლანა ღვინჯილია საქართველოდან, თბილისიდან ცდილობდა გამოეხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის ბრძოლისა და ევროინტეგრაციის სურვილის მიმართ და რუსთაველის გამზირზე უკეთებდა ორგანიზებას სოლიდარობის აქციებს:

2013 წელს, მაიდნის დაწყების დროს, უკვე აქტიურ მოქალაქედ ვითვლებოდი. დეკემბერშივე გაკეთდა თბილისში უკრაინის სოლიდარობის რამდენიმე აქცია. მაქსიმალურად ვცდილობდით, ჩვენი აქციებით უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოგვეხატა. ეს აქციები იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, რომ ყველანაირი რესურსის, ინვესტიციებისა და ბევრი ხალხის ჩართულობის გარეშე გაიტანო შენი მესიჯი დიდ აუდიტორიაზე. როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიდანზე პირველი მსხვერპლი იყო, სპონტანურად, ღამის 12 საათზე, პარლამენტთან დაიგეგმა აქცია. მახსოვს, სასტიკად ციოდა, ბევრნი არ ვიყავით, 100 კაცამდე, რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, უკრაინელებმა, შეასრულეს უკრაინის ჰიმნი. ეს ყველაფერი გადავიღეთ, გავუკეთეთ სამწინადადებიანი აღწერა და ეს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სოლიდარობის აქცია მოხვდა CNN-ზე, შემდეგ ჩემთან ინტერვიუც ჩაწერეს და ინფორმაცია ამ აქციის შესახებ საკმაოდ დიდ აუდიტორიაზე გავიდა“.

2014 წელს კი, როდესაც უკრაინის აღმოსავლეთში ომი დაიწყო, ლანა მეგობრებთან ერთად ცდილობდა სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია უკრაინაში საომრად წასული ქართველი მოხალისეებისთვის.

 

მომზადებულია Dopomoga Ukraini-ს მიერ

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)