რა უნდა იცოდეთ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ?

რა არის ოჯახური ძალადობა?

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

შენიშვნა:

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

რას ნიშნავს ქალთა მიმართ ძალადობა?

ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

შენიშვნა: კანონის მიხედვით, ქალად ითვლება ასევე არასრულწლოვანი ქალი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.

ძალადობის რომელი ფორმები არსებობს?

  • ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
  • ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
  • სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;
  • ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
  • იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;
  • არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

შენიშვნა: სხვა პასუხისმგებელი პირია ადამიანი (გარდა ოჯახის წევრისა), რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელზე ზრუნვისა და რომლის კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაეკისრა აღნიშნულ პირს იმავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე.

ვინ შეიძლება ჩაითვალოს მსხვერპლად?

ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა).

მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა.

რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ქალთა მიმართ ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და მისი აღმოფხვრის მიზნით?

ქალთა მიმართ ძალადობის და/ან ოჯახში ძალადობის გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მექანიზმები შეიძლება იქნას გამოყენებული.

  • სისხლის სამართლის მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტებს.
  • სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • ადმინისტრაციული სამართლის მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე, თუ სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობით, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით.

რა განსხვავებაა დამცავ და შემაკავებელ ორდერებს შორის?

შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე. შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

შემაკავებელი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:

  • მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების საკითხს, მიუხედავად იმისა, მოძალადე ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა;
  • მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდებისა და თავშესაფარში მოთავსების საკითხებს;
  • მოძალადისთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
  • მოძალადის არასრულწლოვანისაგან განცალკევების საკითხს;
  • მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების საკითხს;
  • ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების საკითხს;
  • მოძალადისთვის ამ ორდერის მოქმედების პერიოდში ან ამ ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მისი შეძენისთვის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს;
  • მოძალადის გაფრთხილებას ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
  • სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შენიშვნა: ელექტრონული ზედამხედველობა არის უფლებამოსილი პოლიციელის მიერ გატარებული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მსხვერპლის დროებითი დაცვა, რომლითაც ხდება მოძალადის მსხვერპლთან ურთიერთობის მონიტორინგი. 

დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. დამცავი ორდერი უნდა ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.

დამცავი ორდერი გამოიცემა 9 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

ვის აქვს უფლება მოითხოვოს შემაკავებელი და დამცავი ორდერების გაცემა?

  • მსხვერპლს, მათი ოჯახის წევრებს ან/და მათი თანხმობით სოციალურ მუშაკს ან პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, შეუძლიათ, მოითხოვონ დამცავი ორდერისა და გაუსვლელობის ხელწერილის გამოცემა 
  • არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში მეურვეობისა და მეურვეობის შესაბამის ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დამცავი ორდერისა და გაუსვლელობის ხელწერილის გამოცემა 
  • პოლიციას უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ პიროვნების კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები შეიძლება დაირღვეს მათი უგულებელყოფით ან იძულებით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით.

როგორ შეიძლება გაუქმდეს შემაკავებელი და დამცავი ორდერები?

მხარეთა შერიგებისას მათ მიერ სასამართლოსათვის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე, 

შენიშვნა: მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას და არ იწვევს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე ან ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა (განსაკუთრებით – არასრულწლოვნის) ინტერესებს.

რა დახმარებითა და უფლებებით შეიძლება ისარგებლოს ძალადობის მსხვერპლს?

  • მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო გამოცემული დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისას − მასზე რეაგირების მოთხოვნით;
  • მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების პირობების დარღვევის შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით;
  • მოითხოვოს მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება;
  • მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით;
  • მიიღოს კომპენსაცია, თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება 
  • ისარგებლოს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებით;
  • თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში განთავსებისას ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით და ფსიქოლოგიური დახმარებით;
  • თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით. მისი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს;
  • მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ იგი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირია;
  • ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე;

რა უნდა გააკეთოთ, თუ ძალადობის მსხვერპლი ხართ?

თუ თქვენ ხართ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ან გაქვთ ინფორმაცია ძალადობის შესახებ, გთხოვთ დარეკოთ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში ცხელ ხაზზე +995 32 116 006 ან 112. ზარი უფასო და ანონიმურია.

 

მომზადებულია Care Caucasus-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)