მოხალისე სოფოს ბრძოლა უკრაინელებისთვის - „არ განელებულა, არ დავღლილვარ“

„მე ვარ სოფო და მინდა დაგეხმაროთ“, – ამ სიტყვებით მივიდა სოფო 2022 წლის მარტის დასაწყისში თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირები დროებით იყვნენ შესახლებულები და მათ დახმარება ნამდვილად ესაჭიროებოდათ. ასე ჩაება სოფო ხერხეულიძე მოხალისეობრივ საქმიანობაში, რომელიც მისთვის ცხოვრების წესად იქცა.

სოფო საჯარო სამსახურში მუშაობს. არის საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. მთელ დღეს სამსახურს უთმობს, სამუშაოს შემდეგ, შვილები და სადოქტორო, მაგრამ მიუხედავად დატვირთული დღის გრაფიკისა, ამ 14 თვის განმავლობაში, ერთხელაც არ უფიქრია, რომ მიეტოვებინა საქმე, რომელსაც 2022 წლის მარტიდან მოჰკიდა ხელი, უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარის შეჭრის შემდგომ.

სოფო არ ითვლის, ვის რით დაეხმარა და არც მადლობას ელის არავისგან, თუმცა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამბობს, რომ არ აქვს მოხალისეობრივი საქმიანობის მიტოვების უფლება, ეს არის ის გზავნილები, რომლებსაც ის დღემდე იღებს მადლიერი უკრაინელებისგან, რომლებსაც ამ ერთი წლის განმავლობაში დაეხმარა.

„სწორედ ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რამაც ვერ და არ შემაწყვეტინა მოხალისეობა. არასდროს, არავისგან მიმიღია ისეთი გულწრფელი მადლობები, რომლებსაც დღემდე ვიღებ უკრაინელებისგან. მილოცავენ ყველა დღესასწაულს, უბრალოდ მკითხულობენ, როგორ ვარ, როგორ არის ჩემი ოჯახი. დღესაც ჩამომდის საჩუქრები ზაპოროჟიედან, კიევიდან. ამ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, საბედნიეროდ მშვიდობიანად, დაბრუნდა უკრაინაში, თუმცა მათთან კომუნიკაცია დღემდე არ გამიწყვეტია. უკრაინა და აქ მყოფი უკრაინელების დახმარება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში კვლავ ძალიან დიდი დოზითაა. არ განელებულა. არ დავღლილვარ. რაღაც მომენტში, მიკითხავს საკუთარი თავისთვის, კიდევ შევძლებ? მაგრამ ამ კითხვაზე ერთი პასუხია, არ მაქვს უფლება შევწყვიტო ეს საქმე“.

ვისაც რა შეგვეძლო…

ერთი წლის წინ, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში მოხალისეობრივმა მოძრაობამ იფეთქა. უამრავი ადამიანი გააერთიანა ერთმა მთავარმა მიზანმა – ვისაც როგორ შეეძლო, ისე გაემართა ხელი უკრაინიდან ჩამოსული ადამიანებისთვის. მათ შორის იყო სოფოც.

„რა გჭირდებათ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ? პირველი კითხვა ეს იყო, როცა ერთ-ერთ სასტუმროში შესახლებულ უკრაინელებთან მივედი“, – იხსენებს სოფო. სოფომ გადაწყვიტა, ერთგვარი შუამავლის როლი შეესრულებინა და მათთვის, ვისაც უკრაინელების დახმარების სურვილი ჰქონდა, ამის საშუალება მიეცა:

„პროფესიიდან გამომდინარე, მაქვს ძალიან ბევრი კონტაქტი სხვადასხვა კომპანიასთან, მყავს დიდი სანაცნობო წრე. შევეცადე, ვისაც რისი საშუალება ჰქონდა და უნდოდა, თუნდაც მცირედით დახმარებოდნენ უკრაინელებს, ერთმანეთთან დამეკავშირებინა და ამან მართლაც გამოიღო შედეგი“.

ყველაზე მძიმე ემოციები სოფოს იმ ღამეებმა დაუტოვეს, როდესაც უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ ადამიანებს საკუთარი მანქანით ხვდებოდა და დასაბინავებლად მიჰყავდა. ახსოვს ყველა მათგანი. ახსოვს ყველა დიალოგი და განცდა, რასაც იმ მომენტში გრძნობდა:

„გასული წლის მარტში ძალიან ბევრი ადამიანი წამოვიდა უკრაინიდან – ხარკოვიდან, მარიუპოლიდან. იყვნენ ადამიანები, რომლებიც უკრაინელებს საკუთარ ბინებს უსასყიდულოდ უთმობდნენ. გარდა ამისა, იმ პერიოდში ასევე იყო მერიის პროგრამა და უკრაინიდან ჩამოსულ ლტოლვილებს საშუალება ჰქონდათ უფასოდ ეცხოვრათ სასტუმროებში. მე უკრაინიდან ჩამოსული ადამიანების დახვედრა და მათი დაბინავება ავიღე საკუთარ თავზე. მოხალისეებს ერთმანეთთან გვქონდა კონტაქტი და ვისაც რა შეგვეძლო, იმას ვაკეთებდით. რადგან მე მანქანა მყავს, მივდიოდი უკრაინიდან ჩამოსული დევნილების  დასახვედრად და ამაში ჩემი ოჯახიც მიწყობდა ხელს. მქონდა შემთხვევა, როდესაც ასაკოვან ცოლ-ქმარს დავხვდი. მაშინვე მივხვდი, რომ სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ და ისინი პირდაპირ კლინიკაში გადავიყვანე. ამ ადამიანების ნაწილს სრულიად უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ კლინიკები“.

სოფოს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ომისგან გახლეჩილი ოჯახის ამბავი, რომელსაც შუაღამისას დახვდა თბილისში:

„მანქანაში რომ ჩასხდნენ, მითხრეს, ჩვენი ტელეფონები აღარ მუშაობს მას შემდეგ, რაც ორი თვე გავატარეთ სარდაფში, ოჯახის წევრების შესახებ არაფერი ვიცით, იქნებ თქვენი ტელეფონი გვათხოვოთო. დარეკეს შვილთან და ყველა ერთად ვტიროდით, რადგან იქიდან შვილს ეგონა, რომ აღარ ჰყავდა დედა ცოცხალი, აქეთ დედამ არაფერი იცოდა შვილების შესახებ. ძალიან ბევრი ასეთი მძიმე ისტორია მახსენდება. მათ შორის, ონკოლოგიური პაციენტი, რომელსაც როცა დავხვდი, საშინელი ტკივილები ჰქონდა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა“, – სოფო ამ ამბებს ემოციის გარეშე დღესაც ვერ ყვება და ხმა ებზარება.

ინფორმაცია, რომ სოფო უკრაინიდან ჩამოსული ადამიანების ერთ-ერთი აქტიური დამხმარე იყო, მალე გავრცელდა. ურეკავდნენ და დახმარებას სთხოვდნენ საქართველოს იმ ქალაქებიდანაც კი, სადაც სოფო არავის იცნობდა:

„დღესაც არ ვიცი, როგორ მპოულობდნენ ეს ადამიანები. თითქოს ჯაჭვი იყო. ერთი შემთხვევა მქონდა, რომ ქუთაისში, სადაც არ მყავს ნაცნობი, ბანკში მისცეს ჩემი ნომერი უკრაინელ ოჯახს. ეს ადამიანები თვითონაც უზიარებდნენ ერთმანეთს ნომრებს, ეუბნებოდნენ, თბილისში ერთი გოგოა, იქნებ იმას დაუკავშირდეთ და დაგეხმაროთო“.

მე ასე გავითავისე – ეს არის ჩემი ბრძოლა, რომელიც როგორც შემიძლია, ისე უნდა გავლიო

სოფოს ცხოვრებაში არც ახლა შეცვლილა არაფერი. ის დღესაც ისევ ისე ეხმარება უკრაინიდან ჩამოსულ ადამიანებს, როგორც ერთი წლის წინ, მაშინ, როცა უკრაინის თემით ყველა და ყველაფერი იყო მოცული. ამბობს, რომ გარშემომყოფებს ეგონათ, რომ ეს საქმე დროთა განმავლობაში დაღლიდა, მეორე პლანზე გადაინაცვლებდა, თუმცა ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა:

„როდესაც გირეკავს ადამიანი, გეუბნება, რომ ბავშვი ჰყავს ცუდად და უთხრეს, რომ მე შემიძლია მისი დახმარება, როგორ უნდა ვუთხრა, რომ იცით, მე უკვე დავანებე ამ საქმეს თავი და ვერ დაგეხმრები. გარდა ამისა, ამ ადამიანებს მხოლოდ თავშესაფარი, საკვები, ტანსაცმელი, სამედიცინო დახმარება არ სჭირდებათ. ამ ადამიანებს გამხნევება და გვერდში დგომა სჭირდებათ. დღესაც, დილით, ერთ-ერთმა უკვე ჩემმა მეგობარმა უკრაინელმა ქალმა დამირეკა. მას უბრალოდ ლაპარაკი სჭირდებოდა, რადგან მისი ორივე შვილი უკრაინაში იბრძვის და აქვს ძლიერი შფოთვები. აი, ასეთი დახმარებაც სჭირდება ამ ხალხს. მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე არ არის ლაპარაკი.  ძალიან ბევრ რამეზე გიწევს ფიქრი, რომ არ გამოგრჩეს, ვიღაცას ექიმი ესაჭიროება, ვიღაცას ფსიქოლოგი და უნდა გაურკვიო, ვისთან შეიძლება მივიდეს. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, რთულია, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან მსიამოვნებს ამ საქმის კეთება – გინდ მოხალისეობა დავარქვათ, გინდ აქტივიზმი, მგონია, რომ ჩემთვის, საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის, ამ საქმის კეთება ძალიან მნიშვნელოვანია. მე ასე მესმის – ჩემი ქვეყნის წინსვლა და წარმატება ამ ყველაფერზე, სამოქალაქო აქტივიზმსა და მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზეა დამოკიდებული“.

სოფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინიდან ჩამოსული ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და იმ უმძიმესი ემოციებისაგან გათავისუფლება, რაც ბავშვებმა საქართველოში ჩამოსვლამდე გაიარეს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ის აქტიურადაა ჩართული პროექტში, რომელიც ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს:

„ეს ჩემთვის, როგორც ორი შვილის დედისთვის, ძალიან მტკივნეული თემაა. უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს ჰქონდათ შიშები, ძალიან ბევრმა ლაპარაკი შეწყვიტა. მივხვდით, რომ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიური დახმარება. მე და მომღერალმა ნინო ქათამაძემ, რომელთანაც ვმეგობრობ, გავაკეთეთ პროექტი – არტ თერაპია ბავშვებისთვის. ჩვენთვის ძალიან საგულისხმოა, რომ თავდაპირველად, სეანსებზე, ბავშვები ძირითადად ხატავდნენ მხოლოდ უკრაინის თემატიკაზე, მათთვის სხვა თემა არ არსებობდა, ჯარისკაცები, ტანკები, სარდაფები, ჭურვები. დღეს მათი მდგომარეობა უკვე შეცვლილია და ბევრად უფრო ნათელია მათი ნახატები“.

ამ გადასახედიდან, სოფოსთვის განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული იმ მოხალისის საქმიანობა, რომელთანაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოუწია ურთიერთობა. მისთვის განსაკუთრებით ემოციური ამ პროცესში, აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების ჩართულობა გამოდგა:

„მინდა, რომ თითოეულ მოხალისეს გადავუხადო მადლობა, რადგან უცხო ადამიანები, რომლებთანაც ცხოვრებაში არანაირი გადაკვეთა არ მქონია, როგორც კი მივწერდი, რომ დახმარება გვჭირდებოდა, სრულიად უანგაროდ გვეხმარებოდნენ და ეხმარებოდნენ ამ ადამიანებს. განსაკუთრებულად მადლიერი ვარ აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების, რომლებმაც საოცარი სოლიდარობა გამოხატეს უკრაინელი  დევნილების მიმართ. ვინ თუ არა მათ, ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს დევნილობა, რას ნიშნავს, რუსეთთან ომი. ეს ყველაფერი მეც ასე გავითავისე. რაკი ფიზიკურად არ შემიძლია ბრძოლა ომში და რადგან ვიცი, რომ უკრაინა ჩვენს საერთო მტერს ებრძვის, ჩემი ბრძოლა ასეთია, ბრძოლა გვერდში დგომით და როგორც შემიძლია, ისე უნდა გავლიო“.  

 

მომზადებულია Dopomoga Ukraini-ს მიერ

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)