თუ გსურთ, დასვენების დღეები სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატაროთ, Dopomoga.ge-ს გუნდი გთავაზობთ ინფორმაციას, რაც ტურის დაგეგმვისთვის დაგჭირდებათ.
მოგზაურობა მცხეთაში
საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა, თბილისიდან 25 კილომეტრში მდებარეობს და ნებისმიერი ტრანსპორტით მგზვრობას სულ რაღაც 30 წუთი სჭირდება. მცხეთა გამოირჩევა უნიკალური ისტორიით, რომლის ტაძრებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
მცხეთის ღირშესანიშნეობები
თბილისიდან მიმავალ ტურისტებს მცხეთის შესასვლელთან პირველი ჯვრის მონასტერი ეგებებათ. ჯვრის მონასტერი VI საუკუნით თარიღდება. ის ზემოდან გადაჰყურებს ქალაქ მცხეთის ულამაზეს ხედს. ასევე, შეგიძლიათ, ისიამოვნოთ მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავის პეიზაჟით.
ჯვრის მონასტრის შემდგომ ესტუმრეთ სვეტიცხოვლის ტაძარს. სვეტიცხოველი საქართველოში სიდიდით მეორე ტაძარია. აშენებულია მე-11 საუკუნეში და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტაძართა შორისაა დასახელებული. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეგიძლიათ, შეიძინოთ ქართული ხელნაკეთი სუვენირები.
სვეტიცხოვლის მიმდებარედ მოინახულეთ სამთავროს სამონასტრო კომპლექსი, სადაც ცხოვრობდა ქართველთა გამაქრისტიანებელი წმინდა ნინო. ამ ტაძარშივე არიან დაკრძალულები საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი (IV საუკუნე) და მისი მეუღლე დედოფალი ნანა.
როგორ მოვხვდეთ მცხეთაში
თბილისიდან - დიდუბის მეტრო სადგურის ტერიტორიიდან საათში ერთხელ მცხეთის მიმართულებით გადის ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი, რომლის ღირებულებაც 4-დან 10 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ტაქსის მომსახურება თბილისიდან მცხეთამდე საშუალოდ 30-50 ლარის ფარგლებში დაგიჯდებათ.
მოგზაურობა შიო მღვიმეში
შიო მღვიმის მონასტერი თბილისიდან დაახლოებით 35 კილომეტრში, ხოლო მცხეთიდან 9 კილომეტრში მდებარეობს. მონასტერი VI საუკუნეში ასურელმა მამა შიომ ააშენა. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, რომელთა შორისაც არის დილეგი, სადაც ბერი შიო 15 წლის განმავლობაში განდეგილად ცხოვრობდა და გარდაცველების შემდეგაც იქ დაკრძალეს.
შიომღვიმის შესასვლელთან, კარიბჭის მარჯვნივ „ცრემლის წყაროა“ აშენებული. ლეგენდის თანახმად, წყარო სასწაულმოქმედია და დაავადებისგან განკურნება შეუძლია.
შიომღვიმეში გამორჩეულად ლამაზი ბუნებაა. კლდოვანი გამოქვაბულებისა და ბუნების წიაღში, საოცარ სიმშვიდეს იგრძნობთ.
მონასტერი დილის 10 საათიდან საღამოს 19:00-მდე მუშაობს.
კვების ობიექტები
შიო მღვიმის ტერიტორიაზე შესაძლებელია მხოლოდ პიკნიკის მოწყობა. უახლოესი კვების ობიექტები არის ქალაქ მცხეთაში.
როგორ მოვხვდეთ შიო მღვიმეში
შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსში ასვლა მხოლოდ საკუთარი მანქანით ან ტაქსით არის შესაძლებელი.
ტაქსის ღირებულება თბილისიდან შიო ღვიმემდე მერყეობს 40 ლარიდან 60 ლარამდე.
მცხეთიდან მონასტრამდე ტაქსის ღირებულება 25 - 35 ლარია.
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთის ტბა თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში მდებარეობს. ბაზალეთის ტბას გარშემო აკრავს არაჩვეულებრივი ბუნება, რის გამოც ცხელ დღეებში უამრავი დამსვენებელი სტუმრობს, რათა თბილისთან ახლოს უქმე დღეები სასიამოვნოდ გაატაროს.
ბაზალეთის ტბა უნიკალურია სამკურნალო თვისებებით, განსაკუთრებით დერმატოლოგიური, რევმატოლოგიური და ძვალ-სახსროვანი დაავადებებისთვის. ჰავა კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებების სამკურნალოდ.
ადგილზე დაგვხდებათ რამდენიმე კვების ობიექტი.
როგორ მოვხვდეთ ბაზალეთზე
ტაქსის ღირებულება
თბილისი-ბაზალეთი - 35-60 ლარი. მგზავრობის ხანგრძლივობა ერთი საათი და 30 წუთი
ჭილის ტბა
ჭილის ტბა მდებარეობს თბილისიდან 20 კილომეტრში, მუხათგვერდის სასაფლაოს ზემოთ, ზღვის დონიდან 1130 მეტრზე. ტბის გარშემო არის ულამაზესი ბუნება, საიდანაც საოცრი ხედი იშლება თბილისზე.
როგორ მოვხვდეთ ჭილის ტბაზე
ტბასთან მიდის სამანქანო გზა, თუმცა მპძრაობა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით.
ასევე შეგიძლიათ მუნიციპალური ტრანსპორტით მიხვიდეთ მუხადგვერდის სასაფლაოსთან და იქიდან ფეხით გაუყვეთ გზას.
მამკოდა-ზედაზნის ბილიკი
მამკოდა-ზედაზენის ბილიკი იწყება სოფელ მამკოდადან (თბილსიდან 20 წუთის სავალზე), გაივლის ვეჯინის ხეობას და მიემართება დიდველისკენ. დიდველი მდებარეობს ზღვის დონიდან 1440 მეტრზე. იქ გვხვდება მცენარეების საფარით გადაკრული ველები, გამორჩეული ბუნება, საიდანაც იშლება მდინარე მტკვრის კალაპოტის და თბილისის შემოგარენის პანორამული ხედები.
როგორ მოვხვდეთ მამკოდა ზედაზნის ბილიკთან
ბილიკის დაწყება შესაძლებელია საგურამოდან. შესაბამისად, თბილისიდან შეგიძლიათ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ჩახვიდეთ საგურამოში და შემდეგ მოძრაობა განაგრძოთ ფეხით.
ტაქსი
თბილისი-საგურამო - 25-30 ლარი. მგზავრობის ხანგრძლივობა 35 წუთი
თბილისის ეროვნული პარკი
თბილისის ეროვნულ პარკთან მისვლა შესაძლებელია სოფელ საგურამოდან. ბილიკის ერთ-ერთი დასაწყისი ზედაზნის მონასტრის გზაზეა. პარკში მოწყობილია კომფორტული საპიკნიკე ადგილები. რელიეფი საკმაოდ მარტივია, შესაბამისად შესაძლებელია მოზარდებთან ერთად ლაშქრობა.
როგორ მოვხვდეთ თბილისის ეროვნულ პარკში
თბილისის ეროვნული პარკი მოიცავს საკმაოდ დიდ ტერიტორიას. აქ მოხვედრა შესაძლებელია რამდენიმე ადგილიდან. მაგალითად: საბადურის ტყე, ზედაზენის მონასტერი, მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერი, მამკოდას მონასტერი. ყველა ეს ადგილი მდებარეობს თბილისის ეროვნულ პარკში.
ტაქსის ფასი
● თბილისი-ზედაზნის მონასტერი - 28-30 ლარი. მგზავრობის ხანგრძლივობა 45 წუთი
● თბილისი-საბადურის ტყე - 35-40 ლარი. მგზავრობის ხანგრძლივობა საათი და 10 წთ
● თბილისი-მარტყოფის მამათა მონასტერი - 40-45 ლარი. მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათი და 10 წუთი
● თბილისი-მამკოდას მონასტერი - 20-25 ლარი. მგზავრობის ხანგრძლივობა 30 წუთი.
სამშვილდის კომპლექსი
სამშვილდის კომპლექსი მდებარეობს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე და შთამბეჭდავია, როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. ფეხით სავალი მანძილი ჯამში 6 კილომეტრია. ტერიტორიაზე შეხვდებით წინაქრისტიანული კულტურის ნაშთებს (მეგალითური ნაგებობები, ვერძები, ციხის და გალავნის ნაშთები). ტერიტორიაზე განთავსებულია ასევე რამდენიმე ტაძარი და ტაძრის ნანგრევები. რაც მთავარია, იქაურობა გარშემორტყმულია საოცარი ტყით.
სამშვილდის კომპლექსის გზაზე შესაძლებლობა გაქვთ, დაათვალიეროთ სოფელი ასურეთი. სოფელი სამხრეთ გერმანიას მოგაგონებთ, ვინაიდან აქაურობა 1817 წლიდან ვიუტენბერგელი გერმანელებით იყო დასახლებული და შენობები სწორედ მათთვის დამახასიათებელი არქიტექტურითაა აშენებული.
როგორ მოვხვდეთ სამშვილდის კომპლექსის ტერიტორიაზე
ტაქსი
თბილისი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 70-75 ლარი. მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთი.
"ბულბულების ჭალა"
ბულბულების ჭალა მდებარეობს თბილისის შემოგარენში, კუს ტბის მიმდებარედ. არის საკმაოდ მარტივი და საინტერესო რელიეფი. ულამაზესი ბიომრავალფეროვანი ტყიდან იშლება შეუდარებელი ხედები თბილისზე. ფაქტობრივად, თბილისიდან გადიხართ, მაგრამ ამავდროულად თბილისში რჩებით. ჯამში, გასავლელი მანძილი 4 კმ-ია.
როგორ მოვხვდეთ ბულბულების ჭალასთან
ბულბულების ჭალასთან მოხვდებით კუს ტბის ტერიტორიიდან.
ფშავის არაგვის ხეობა
თბილისიდან 100 კმ-ით დაშორებული ფშავის არაგვის ხეობა საკმაოდ საინტერესო საპიკნიკე და სალაშქრო ადგილია, როგორც უფროსებისთვის, ასევე პატარებისთვის. სოფელ კორშაში არის კოშკი, სადაც განთავსებულია პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმი, სხვადასხვა ტიპის იარაღით და ტრადიციული ხევსურული სამოსითა და ნივთებით.
როგორ მოვხვდეთ ფშავი არაგვის ხეობაში
ხეობაში მოხვდებით ფშავიდან ან მაღაროსკარიდან.
ტაქსი
თბილისი - მაღაროსკარი - 85-100 ლარი. მგზავრობის ხანგრძლივობა 2 საათი.
საბავშვო ქალაქი ზედაზენზე
თუ გსურთ შაბათ-კვირა ბავშვებთან ერთად ქალაქგარეთ სასიამოვნოდ და მხიარულად გაატაროთ, ესტუმრეთ საბავშვო ქალაქს ზედაზენზე, თბილისიდან დაახლოებით ნახევარი საათის გზაზე. აქ პატარებისთვის არის სხვადასხვა ატრაქციონები და საპიკნიკე ადგილები. ტერიტორია საკმაოდ ახლოსაა ცენტრალურ გზასთან.
როგორ მოვხვდეთ საბავშვო ქალაქში
ტაქსი
თბილისი - ზედაზენი 28-30 ლარი, მგზავრობის ხანგრძლივობა 45 წუთი.
შენიშვნა: საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისიდან სხვა ქალაქების მიმართულებით დიდუბის ავტოსადგურიდან გადის (მეტრო დიდუბის ქვედა გამოსასვლელთან).
მასალა მოამზადა Dopomoga Ukraini-ს გუნდმა.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)