როგორ უნდა შემოხვიდეთ საქართველოში და გაემგზავროთ სხვა ქვეყნებში

საქართველოში შემოსვლა

 

შეუძლიათ თუ არა უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა?

საქართველოს საზღვარი ღიაა უკრაინის ყველა მოქალაქისათვის. იმ  უკრაინელებისთვის, რომლებსაც ომის გამო მოუწიათ სამშობლოს დატოვება, მოქმედებს საზღვრის კვეთის გამარტივებული წესები.  

 

გჭირდებათ თუ არა ვიზა? 

უკრაინის მოქალაქეებს უფლება აქვთ, შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე და იმყოფებოდნენ საქართველოში უვიზოდ 1 წლის განმავლობაში. 

რა დოკუმენტებით შემოგიშვებენ საქართველოში?

საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ პასპორტი (ბიომეტრიული ან ჩვეულებრივი) ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. თუ ასეთი დოკუმენტი არ მოგეპოვებათ, თან იქონიეთ ვადაგასული ან დაზიანებული დოკუმენტი ან მისი ასლი. 


 რა დოკუმენტით შემოუშვებენ საქართველოში ბავშვს?

თუ ბავშვებთან ერთად იმყოფებით, თან იქონიეთ ბავშვის დაბადების მოწმობა.


 შემოგიშვებენ თუ არა საქართველოში დოკუმენტების გარეშე?

უკრაინის მოქალაქეებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის გამარტივებული პროცედურების გათვალისწინებით, დოკუმენტების არარსებობამ, შესაძლოა, არ შეაფერხოს თქვენი შემოსვლა ქვეყანაში. შესაძლებლობის შემთხვევაში, გაიარეთ წინასწარი კონსულტაცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან +995 32 241-42-42. 

გჭირდებათ თუ არა PCR-ტესტი ან კოვიდ-ვაქცინა? 

2022 წლის 15 ივნისიდან ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოემგზავრება (საჰაერო, სახმელეთო ან საზღვაო გზით), გათავისუფლებულია კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის და PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან.

 

როგორ უნდა შემოიყვანოთ საქართველოში შინაური ცხოველები?

 

საზღვარზე შემოყვანამდე, ცხოველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იყოს ჯანმრთელი        
  • ჩატარებული ჰქონდეს პროფილაქტიკური ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური კვლევები და დამუშავება
  • თან ახლდეს ვეტერინარული სერტიფიკატი ან შინაური ცხოველის პასპორტი

ძაღლებისა და კატების საერთაშორისო პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ საბაზისო ინფორმაციას:

  • ინფორმაცია ცხოველის შესახებ (საიდენტიფიკაციო მონაცემები);
  • შინაური ცხოველის მეპატრონის მონაცემები          
  • საცხოვრებელი ადგილი

შინაური ცხოველის მიმართ ჩატარებული ვეტერინარული მანიპულაციების შესახებ ინფორმაცია (შესაბამისი ვადების მითითებით):

  • ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
  • მკურნალობა ეკო და ენდოპარაზიტების წინააღმდეგ.

 

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა შინაური ცხოველები საქართველოს საზღვარზე  პასპორტის და ვაქცინაციის გარეშეც გაატარონ. თუმცა, წინასწარი კონსულტაციისთვის უმჯობესია დაურეკოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე +995 32 241-42-42


როგორ უნდა მოიქცეთ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ?

  • გჭირდებათ პირველადი საჭიროების ნივთები? გაეცანით ჰუმანიტარული დახმარების პუნქტების მისამართებს თბილისსა და რეგიონებში https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/249 
  • თუ თქვენ გესაჭიროებათ სამედიცინო სერვისები ან/და ფსიქოლოგის კონსულტაცია, უკრაინის მოქალაქეებს უფასო მომსახურებას რამდენიმე კერძო კლინიკა სთავაზობს, დაწვრილებით იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე https://dopomoga.ge/?category=23&page=-1  და https://dopomoga.ge/?category=24&page=-2 
  • ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/374 
  • სამსახურს ეძებთ? გაეცანით ვაკანსიებს უკრაინულ ენაზე https://dopomoga.ge/?category=28&page=0 



 

როგორ უნდა გაემგზავროთ საქართველოდან უცხოეთში


 

ევროკავშირში შესვლის წესები


 მოქმედებს თუ არა სავიზო რეჟიმი? 

 

უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ დარჩენა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. 

 

რას ნიშნავს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი? 


 დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსით მოსარგებლე პირს ევროკავშირის ტერიტორიაზე ხელი მიუწვდება შრომით ბაზარზე, საცხოვრებელ ადგილზე, სასკოლო განათლებაზე, საბანკო მომსახურებაზე, სამედიცინო სერვისებზე და ფინანსურ დახმარებაზე. ევროკავშირის ყველა ქვეყანას ამ  სტატუსის მოპოვებისთვის საერთო პროცედურები აქვს, თუმცა ფაქტობრივი დახმარება შესაძლოა, განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით. სტატუსის მოპოვება თქვენს მიერ არჩეული ევროკავშირის ქვეყნის ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებში შეგიძლიათ.

 

ვის შეუძლია დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მოპოვება?

 

უკრაინის მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყანა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დატოვეს, მათი ოჯახის წევრებს, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში საერთაშორისო დაცვის სტატუსით სარგებლობდნენ, ან გააჩნიათ უკრაინაში გაცემული მუდმივი ბინადრობის ნებართვა და ვერ ბრუნდებიან ქვეყანაში ან წარმოშობის რეგიონში უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.


 როგორ ხდება ლტოლვილის სტატუსის მოპოვება?


 უკრაინის მაცხოვრებლებს უფლება აქვთ, ევროკავშირს მიმართონ თავშესაფრის მოთხოვნით. გასათვალისწინებელია, რომ სტატუსის მოპოვებამდე ქვეყანას ვერ დატოვებთ (უკრაინაშიც ვერ დაბრუნდებით) და ლეგალურად ვერ იმუშავებთ.

 

ლტოლვილის სტატუსზე განაცხადი უნდა შეიტანოთ საზღვარზე ან ევროკავშირის ქვეყნის ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში. ლტოლვილის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია ევროკავშირის მხოლოდ იმ სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც უკრაინის დატოვების შემდეგ პირველად შეხვედით. 

 

რა უპირატესობები აქვს ლტოლვილის სტატუსს?

 

ლტოლვილის სტატუსის მოპოვების შემდეგ ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1-დან 5 წლამდე ვადით, გაგრძელების პერსპექტივით. სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელ ადგილს, სოციალურ და სამედიცინო დახმარებას, ასევე, სასკოლო განათლებასაც.


 

 

გერმანიის ტერიტორიაზე შესვლის წესები


 რა დოკუმენტებია საჭირო გერმანიაში მოსახვედრად?

ვიზის გარეშე გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია უკრაინის მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის საფუძველზე. ვიზასთან და დოკუმენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ გერმანიის საელჩოს საქართველოში:

თბილისი, თელავის ქუჩა 20, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი 

ტელეფონი: (+99532) 2447300 

ფაქსი: (+99532) 2447364 

ელ.ფოსტა: info@tiflis.diplo.de 

31 აგვისტომდე მოქმედებს სპეციალური წესი: გერმანიის ტერიტორიაზე მოსახვედრად შენგენის ვიზა ან ბიომეტრიული პასპორტი არ დაგჭირდებათ (თუმცა წინასწარი კონულტაციის გავლა გერმანიის საელჩოსთან აუცილებელია). წესი ვრცელდება უკრაინის ყველა მოქალაქეზე, იმ პირებზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ლტოლვილის სტატუსით სარგებლობდნენ და ყველა იმ პირზე, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლამდე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური გერმანელებისთვის მოქმედებს გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლის გამარტივებული წესები. დეტალურად იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3mtSA8Y   

ებრაული ფესვების მქონე პირებს გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლა გამარტივებული წესით შეუძლიათ. დეტალურად იხ. ბმულზე https://bit.ly/39hbTzl   

როგორ უნდა შეიყვანოთ გერმანიაში შინაური ცხოველები? 

შინაური ცხოველების შეყვანა გერმანიის ტერიტორიაზე შეზღუდვების გარეშე შეგიძლიათ. ჩასვლისთანავე ცხოველი ვეტერინარულ უწყებაში უნდა მიიყვანოთ დათვალიერებისა და სხვა პროცედურების ჩასატარებლად (ჩიპირება, ვაქცინაცია, პასპორტის გაცემა). 

როგორ უნდა გახსნათ საბანკო ანგარიში? 

საბანკო ანგარიშის გასახსნელად საკმარისია პასპორტი და კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციის დოკუმენტი.


 

პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის წესები

 

რა დოკუმენტებია საჭირო პოლონეთში მოსახვედრად?


იმისათვის, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შეხვიდეთ, საზღვარგარეთის ბიომეტრიული პასპორტი დაგჭირდებათ. თუ ბიომეტრიული პასპორტი არ გაქვთ და გჭირდებათ ვიზა, კონსულტაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ პოლონეთის საელჩოს საქართველოში:

 

თბილისი, ონიაშვილის ქუჩა 24

ტელეფონი: +99532 2920398 

ფაქსი: +99532 2920397 

ელ.ფოსტა: tbilisi.amb.sekretariat@msz.gov.pl


 რამდენ ხანს შეგიძლია იმყოფებოდეთ პოლონეთში?


 უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის აგრეესიის შედეგად იძულებულები გახდნენ, დაეტოვებინათ ქვეყანა, უფლება აქვთ, პოლონეთის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდნენ 18 თვის განმავლობაში, დაწყებული 2022 წლის 24 თებერვლიდან. 

იგივე უფლებით სარგებლობენ მოქალაქეობის არმქონე პირები და მესამე ქვეყნის (უკრაინის გარდა) მოქალაქეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლამდე ლეგალურად იმყოფებოდნენ უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მუდმივი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე და რომლებიც ვერ ბრუნდებიან ქვეყანაში ან წარმოშობის რეგიონში უსაფრთხოების გამო. 

პოლონეთში 18 თვით დარჩენის უფლება ვრცელდება, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირებზე და მესამე ქვეყნის (უკრაინის გარდა) მოქალაქეებზე, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლამდე უკრაინაში სარგებლობდნენ საერთაშორისო დაცვით ან მსგავსი დაცვის მექანიზმით. 

 

რა წესები მოქმედებს შინაურ ცხოველებზე?

 

შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ პროცედურებს პოლონეთში შესვლის შემდეგ გაივლით. იმისდა მიხედვით, სად მიემგზავრებით პოლონეთიდან, საჭიროა ნებართვაზე/ტრანზიტზე განაცხადის შევსება. განაცხადის ფორმები იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3x3nXvV  



 

დიდ ბრიტანეთში შესვლის წესები

 

საჭიროა თუ არა ვიზა დიდ ბრიტანეთში მოსახვედრად?

დიდ ბრიტანეთში მოსახვედრად ვიზა დაგჭირდებათ, თუმცა უკრაინის მოქალაქეებისათვის მოქმედებს სპეციალური გამარტივებული პროცედურები და გაიცემა 2 ტიპის ვიზა:

 

Ukraine Family Scheme - ვიზა გათვალისწინებულია გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის. განაცხადის შევსება უფასოა. დეტალურად ვიზაზე განაცხადის შესახებ იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3MfN4B3  

Local Sponsorship Scheme for Ukraine - ვიზა გაიცემა 12 თვის ვადით. ის შესაძლებლობას გაძლევთ, იმუშაოთ და მიიღოთ მცირეოდენი სოციალური დახმარება. ამ ვიზის მისაღებად დაგჭირდებათ სპონსორი (ადგილობრივი ორგანიზაცია ან კერძო პირი), რომელიც გთავაზობთ საცხოვრებელ ადგილს ბრიტანეთში. სპონსორების რეესტრი უკვე შექმნილია, თუმცა სპონსორი თავადაც შეგიძლიათ, იპოვოთ. 

 

როგორ უნდა იპოვოთ სპონსორი ვიზისთვის (Local Sponsorship Scheme for Ukraine)? 


 გაერთიანებულ სამეფოში რამდენიმე ორგანიზაციამ გამოთქვა სურვილი, უკრაინის მოქალაქეებს დაეხმაროს ვიზისათვის სპონსორების მოძიებაში. ამ ორგანიზაციების სია იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3GEtwW5  

 

როგორ უნდა შეავსოთ ვიზის განაცხადი თუ სპონსორი გყავთ?

ვიზის განაცხადი ივსება ონლაინ და უფასოა. მისი შევსება სპონსორთან ერთად შეგიძლიათ. დეტალურად ვიზის განაცხადის შესახებ ბმულზე https://bit.ly/3GH1PM9  

 

სად არის შესაძლებელი უფასო საკვების მოპოვება?

უფასო საკვებს ფუდბანკები უზრუნველყოფენ. მათი მოძებნა ქალაქების მიხედვით შეგიძლიათ ბმულზე https://bit.ly/3GHIkDk  


 

რა წესები ვრცელდება შინაურ ცხოველებზე?

შინაურ ცხოველებს გაერთიანებულ სამეფოში შეუშვებენ თუ მათ ჩატარებული აქვთ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, აქვთ ჩიპი, დამუშავებულნი არიან პარაზიტების წინააღმდეგ და გააჩნიათ ვეტერინარული პასპორტი. თუ ეს პირობები დაცული არ არის, შინაურ ცხოველს 4 თვემდე ვადით კარანტინში მოათავსებენ. ცხოველის კარანტინში მოთავსება უფასოა უკრაინიდან ჩამოსული პირებისათვის. 


 დამატებითი ინფორმაცია უკრაინულ ენაზე  იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3Mp2zHj 


 

როგორ უნდა გაემგზავროთ კანადაში

 

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ კანადაში გასამგზავრებლად? 

კანადაში გასამგზავრებლად საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი და ვიზა. კანადის უახლოესი საელჩო ანკარაში მდებარეობს. 

რა არის პროგრამა CUAET?

კანადა უკრაინულ ოჯახებს სთავაზობს ქვეყანაში შესვლას სპეციალური პროგრამის CUAET-ის ფარგლებში. ეს არის უფასო ვიზა, რომელიც მუშაობის შესაძლებლობასაც მოგცემთ. 

CUAET პროგრამის მოთხოვნები მინიმალურია. თუ უკრაინული პასპორტი გაქვთ, კანადაში გამგზავრებას, 3 წლის განმავლობაში ცხოვრებას და მუშაობას შეძლებთ. 

რა უნდა იცოდეთ CUAET პროგრამის შესახებ?

  • უკრაინის მოქალაქეებისათვის ვიზა გაიცემა 10 წლამდე ვადით ან პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე. ის შესაძლებლობას გაძლევთ, ვიზის შევსებისას მოითხოვოთ მუშაობის უფლება, ე.წ. work permit (უფასოდ).
  • განხილვის ვადა 14 დღეა
  • თუ განაცხადი კანადის ფარგლებს გარეთ შეავსეთ, მუშაობის უფლება, ე.წ. work permit გაიცემა ქვეყანაში ჩასვლისთანავე საზღვარზე. წინასწარ თანხმობას ელ.ფოსტით მიიღებთ
  • კანადაში ყოფნა 3 წლამდე ვადით შეგიძლიათ. 
  • არსებობს სამომავლოდ მუდმივი ბინადრობის უფლების, ე.წ. permanent residence მოპოვების შესაძლებლობა სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით. ამ პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე https://canadakaknado.info/faq1/ 
  • ვიზაზე განაცხადის შეტანა შეუძლია უკრაინის მოქალაქის ოჯახის წევრსაც მისი მოქალაქეობის მიუხედავად (მეუღლეს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, შვილს) 
  • ბიომეტრიის ჩაბარება სავალდებულოა მათთვის, ვისაც ის ადრე არ ჩაუბარებია კონკრეტულად კანადაში გამზგავრების მიზნებისათვის. ეს უფასო პროცედურაა. ბიომეტრიის ჩაბარება აუცილებელია მაშინაც კი თუ ბიომეტრიული პასპორტი გაქვთ და თითის ანაბეჭდები სხვა ქვეყნებში გამგზავრების მიზნით გაქვთ ჩაბარებული  
  • Biometric instruction letter-ს მიიღებთ ვიზაზე განაცხადის შეტანის შემდეგ. წერილში მითითებულია ჩაბარების ვადა - 30 დღე. თუმცა, უკრაინის მოქალაქეებისათვის მოცემული მომენტისათვის ამ წერილს არ აქვს მოქმედების ვადა. შეგიძლიათ, ბიომეტრია მოგვიანებითაც ჩააბაროთ ისე, რომ არ მოითხოვოთ ვადის გაგრძელება. 
  • ბიომეტრიის ჩაბარების შემდეგ იწყება ვიზის განაცხადის განხილვა. თავდაპირველად მიიღებთ biometric validity letter-ს, ხოლო შემდეგ - მოთხოვნას პასპორტზე და ინსტრუქციებს

თუ ვიზის განცხადის შევსებისას შეცდომა დაუშვით და კანადის საიმიგრაციო სამსხურისათვის შეტყობინების გაგზავნა გსურთ, შეავსეთ ფორმა და შეტყობინების ტექსტში ჩაწერეთ თეგი Ukraine2022.

კანადაში გამგზავრებასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები იხილეთ ბმულზე https://www.ua2canada.info/faq  

Telegram ჩატი, რომელშიც, უკრაინელები ერთმანეთს უზიარებენ კანადაში გამგზავრების გამოცდილებას https://t.me/UAtoCanada  

როგორ უნდა შეიყვანოთ კანადაში შინაური ცხოველები?

კანადაში სხვადასხვა შინაური ცხოველის მიმართ განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს. ამიტომ, გამგზავრებამდე, მნიშვნელოვანია, ვებსაიტზე მიუთითოთ კონკრეტული ცხოველი, მისი ასაკი და ქვეყანა, რომლიდანაც მოემგზავრებით. ამის შემდეგ იხილავთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს: https://inspection.canada.ca/importing-food-plants-or-animals/pets/eng/1326600389775/1326600500578 


 

მოამზადა Dopomoga Ukraini-ს გუნდმა გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის  და Motskaleba Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით. ინფორმაცია პერიოდულად განახლდება. თუ გაქვთ კითხვა ან თემა, რომლის შესახებაც ისურვებდით ინფორმაციის გაცნობას, მოგვწერეთ და ჩვენი გუნდი ეცდება მოიპოვოს თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. 


 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)